MERCEDES-BENZ ელექტრომობილ EQS შეკვეთებს იღებს

გერმანულმა ავტოგიგანტმა Mercedes-Benz-მა ახალი ელექტრომობილის EQS შეკვეთების მიღება დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით, მსურველებისთვის მანქანის ორი ვერსია, EQS 450+ და EQS 580 4MATIC იქნება ხელმისაწვდომი. პირველის შეძენას მსურველები დაახლოებით 100 ათას აშშ დოლარად შეძლებენ, მეორე კი თითქმის 160 ათასი აშშ დოლარი ეღირება.

Mercedes EQS 450+ უკანა წამყვანი თვლებით არის აღჭურვილი. მას 245 kW სიმძლავრის ელექტროძრავა აქვს, რომელსაც 329 ცხენის ძალის გამომუშავება შეუძლია. მანქანა 100 კმ/სთ სიჩქარეს 6,2 წამში ავითარებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 210 კმ/სთ-ს შეადგენს. 107,8 კვტ/სთ ტევადობის ელემენტის ერთი დამუხტვით, რისთვისაც სწრაფი რეჟიმის გააქტიურების შემთხვევაში 31 წუთია საჭირო, ელექტრომობილი მაქსიმუმ 770 კილომეტრ მანძილს ფარავს. მოდელის სიგრძე 5,2 მეტრს შეადგენს, სიგანე 1,9 მეტრი, სიმაღლე კი 1,5 მეტრია.

რაც შეეხება მეორე მოდელს, EQS 580 4MATIC-ს სახელწოდებიდან გამომდინარე ოთხი წამყვანი თვალი აქვს. მანქანა 385 kW სიმძლავრის ელექტროძრავით არის აღჭურვილი, რომელსაც 580 ცხენის ძალის გამომუშავება შეუძლია. ავტომობილი 100 კმ/სთ სიჩქარეს 4,3 წამში ავითარებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 210 კმ/სთ-ს შეადგენს. 107,8 კვტ/სთ ტევადობის ელემენტის ერთი დამუხტვით ელექტრომობილი სულ ცოტა 610 კილომეტრ მანძილს გადის. მოდელის სიგრძე 5,2 მეტრს შეადგენს, სიგანე 1,9 მეტრი, სიმაღლე კი 1,5 მეტრია.

ცოტა ხნის წინ Mercedes-Benz-მა მაღალი გამავლობის ელექტრომობილი EQA 250 წარადგინა, რომლის გაყიდვაც მიმდინარე წლის ბოლოდან დაიწყება. მისი ფასი 50 ათასი აშშ დოლარი იქნება.

კომპანიის განცხადებით, მომავალი წლისთვის EQ სერიის სედანისა და მაღალი გამავლობის ელექტრომობილის ექვსი ახალი მოდელის გამოშვებას გეგმავენ.