SONY-მ PLAYSTATION 5-ის ახალი ვერსია გამოუშვა

იაპონურმა ტექნოლოგიურმა გიგანმტა SONY -მ ახალი თაობის სათამაშო კონსოლის PlayStation 5 განახლებული ვერსია გამოუშვა. მისი გაყიდვა ავსტრალიაში უკვე დაიწყო, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია, როდის გამოჩნდება გაუმჯობესებული მოდელი მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნების სავაჭრო პლატფორმებსა და დახლებზე.

გავრცელებული ინფორმაციით, კონსოლის ახალი ვერსია 3,6 კილოგრამია და PlayStation 5-ის სტანდარტულ მოდელზე დაახლოებით 300 გრამით მსუბუქია. უცნობია, რის ხარჯზე მოახდინა SONY-მ მოწყობილობის წონის შემცირება.

PlayStation 5-ის გაუმჯობესებული ვერსიის სადგამს წინამორბედისგან გასხვავებული ხრახნი აქვს, რომლის გამოყენებაც სპეციალური ხელსაწყოს გარეშე, შიშველი ხელებითაც შეგეძლებათ.

როგორც ირკვევა, SONY -ის სათამაშო კონსოლში სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეუტანია.

Sony-მ ახალი თაობის სათამაშო კონსოლი PlayStation 5 გასული წლის ივნისში წარადგინა. ის 4K Blu-ray დისკის წამკითხველით, 8-ბირთვიანი პროცესორით AMD Zen 2 და 10,28 ტერაფლოპსი სიმძლავრის ვიდეობარათით AMD RDNA 2 არის აღჭურვილი. კონსოლის GDDR6 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერება 16GB-ია, მყარი დისკი კი 825GB-იანი SSD, რომლის წარმადობაც წამში 5,5-დან 9 გიგაბაიტამდეა. ეს მონაცემების მოკლე დროში ჩატვირთვასა და დიდი მოცულობის ინფორმაციის მარტივად დამუშავებას უწყობს ხელს, რის შედეგადაც მოდელი PlayStation 4-ზე დაახლობით 20-ჯერ სწრაფია. ამის გარდა, მოწყობილობა 8K გრაფიკისა და სამგანზომილებიანი აუდიოჟღერადობის მხარდაჭერით სარგებლობს.

ცნობილია, რომ SONY PlayStation 5-ში მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანას 2022 წელს აპირებს. მომავალ წელს კონსოლის გაუმჯობესებულ მოდელს კიდევ უფრო დახვეწილი ინტერფეისი და M.2 SSD დისკი ექნება.