SpaceX გლობალურ როუმინგ მომსახურებას გვთავაზობს

კომპანია SpaceX Starlink-ის მომლოდინეთა სიაში მყოფ მომხმარებლებს, “გლობალური როუმინგის” მომსახურებას სთავაზობს.

მომსახურების თვიური საფასური 200 აშშ დოლარი იქნება და მომხმარებლებს პლანეტის ნებისმიერ წერტილში ინტერნეტზე წვდომის შესაძლებლობას მისცემს.

როგორც The Verge აღნიშნავს, გაურკვეველია, როგორ შეასრულებს SpaceX დაპირებას, რომ უზრუნველყოს ინტერნეტი პრაქტიკულად ნებისმიერი ადგილიდან. მიუხედავად კომპანიის თანამგზავრების რაოდენობისა, ის ჯერ კიდევ ელოდება მარეგულირებელი ორგანოების დამტკიცებას, რათა უზრუნველყოს ინტერნეტთან წვდომა ბევრ ძირითად ბაზარზე, მათ შორის ინდოეთსა და პაკისტანში. ამ ეტაპზე, SpaceX-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გლობალური როუმინგის სერვისები „მარეგულირებელი ორგანოების დამტკიცებას ექვემდებარება“.

ამასთან, ნათქვამია რომ მომხმარებლებს შესაძლოა პერიოდულად ცუდი ინტერნეტი ჰქონდეთ ან საერთოდ არ მიუწვდებოდეთ ხელი, რადგან კომპანია სატელიტური ქსელის გაფართოებაზე მუშაობს. პოტენციური მომხმარებლები ასევე მზად უნდა იყვნენ, გადაიხადონ იმპორტის საფასური თავიანთი Starlink ტერმინალისთვის 599 აშშ დოლარის ოდენობით, კომპლექტის საფასურის გარდა.