SpaceX-მა ადამიანის უჯრედები კოსმოსში გაგზავნა

ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა კოსმოსში კუნთოვანი უჯრედები, იგივე მიოციტები გაგზავნა. მისია ლივერპულის უნივერსიტეტის MicroAge-ის სახელწოდებით ცნობილი ექსპერიმენტის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანიც იმის გარკვევაა, თუ რა ემართება ადამიანის კუნთებს ასაკის მატებასთან ერთად.

კვლევის ნიმუშები დედამიწის გარშემო მოძრავ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე SpaceX-ის რაკეტა Falcon 9-ით ფლორიდის შტატში მდებარე კენედის სახელობის კოსმოდრომიდან 21 დეკემბერს გაუშვეს. საკვლევ მასალას დედამიწაზე 2022 წლის იანვარში დააბრუნებენ, რის შემდეგაც მეცნიერებს მისი შესწავლის საშუალება ექნებათ. მისია ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) მხარდაჭერით ხორციელდება.

ბრიტანელმა მეცნიერებმა ადამიანის კუნთოვანი უჯრედები, რომლებიც ბრინჯის მარცვლის ზომისაა, ლაბორატორიაში გამოიყვანეს და 3D პრინტერით დაბეჭდილ სპეციალურ სათავსოში შეინახეს. გავრცელებული ინფორმაციით, მისი კოსმოსში მოხვედრის შემდეგ სპეციალისტები ელექტრული სტიმულირების გზით ქსოვილის შეკუმშვას შეეცდებიან და მიღებულ შედეგებს დააკვირდებიან.

ასტრონავტებს კოსმოსში გარკვეული დროის გატარების შედეგა, კუნთები ხანდაზმულების მსგავსად უსუსტდებათ. აღსანიშნავია, რომ დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ ისინი ძალას იღდგენენ. მეცნიერების მიზანი იმის დადგენაა, თუ რა ემართებათ კუნთებს მიკროგრავიტაციის პირობებში. ეს, თავის მხრივ, იმის გარკვევაში დაგვეხმარება, თუ რატომ სუსტდებიან ისინი ადამიანის ასაკის მატებასთან ერთად. მკვლევრების თქმით, ექსპერიმენტის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ასაკთან დაკავშირებული კუნთების შესუსტების თავიდან არიდების გზების ძიება გახდება შესაძლებელი.