ბათუმში საერთაშორისო კინოფესტივალი BIAFF მიმდინარეობს

ბათუმში, საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი (BIAFF) მიმდინარეობს. ბათუმის კინოფესტივალი 17 სექტემბერს, ზაზა ხალვაშის ბოლო ფილმით – “ლოტო” გაიხსნა. აღნიშნულ ფილმზე მუშაობა, შემოქმედებითმა ჯგუფმა რეჟისორის გარდაცვალების შემდეგ დაასრულა. ერთი კვირის განმავლობაში, კინომოყვარულებს შეუძლიათ, ქართული და უცხოური ფილმების ჩვენებებს დაესწრონ.

BIAFF-ის ფარგლებში სეანსებს კინოთეატრი „აპოლო” და ევროპის მოედანზე მოწყობილი ღია სივრცე მასპინძლობს. წელს BIAFF მეთვრამეტედ ტარდება და საფესტივალო პროგრამა, როგორც საკონკურსო სექციებს, ასევე არასაკონკურსო კინოჩვენებებს მოიცავს.

21 სექტემბერს, ფესტივალზე ნაჩვენები იქნება თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი – “მოქალაქე წმინდანი”, რომელიც ეროვნულმა კინოცენტრმა 2024 წლის ოსკარზე წარსადგენად შეარჩია.

ბათუმის კინოფესტივალზე წარდგენილ ფილმებს საერთაშორისო ჟიური აფასებს. მხატვრული ფილმების კატეგორიის ჟიური 5 წევრისგან შედგება და მას გიორგი ოვაშვილი ხელმძღვანელობს. მოკლემეტრაჟიანი ფილმებს თამარ ბართაიას ხელმძღვანელობით, სამი წევრისგან შემდგარი ჟიური აფასებს. ფესტივალის გამარჯვებულები დასკვნით ღონისძიებაზე გამოვლინდებიან.